ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის

გადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი – გზა ევროკავშირისაკენ

გადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი – გზა ევროკავშირისაკენ

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას და ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას. კერძოდ: ჯანდაცვის სფეროში რეფორმების გაგრძელებას, ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფას. ევროპასთან საკანონმდებლო დაახლოვება მოხდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ადამიანური რესურსების განვითარება, მმართველობისა და დაფინანსების სრულყოფა, ეპიდემიოლოგიური დაკვირვება და გადამდებ დაავადებათა კონტროლი, საგანგებო სიტუაციების მიმართ მზაობა, ხელოვნურ ნივთიერებათა ხარისხი და უსაფრთხოება და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი.[1]

აქედან გამომდინარე, საქართველო იღებს ვალდებულებას, განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს ყველა სფეროში, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებითაც.

მიკროორგანიზმები არ აღიარებენ ქვეყნის საზღვრებს და შეიძლება ეპიდემია ძალიან სწრაფად გავრცელდეს, თუ დროული ქმედება არ იქნა მიღებული. ევროკავშირის რეაქცია ყოველთვის სწრაფი და კოორდინირებულია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გადამდებ დაავადებებს ეხება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობაა.  ევროპაში დიდი ყურადღება ექცევა საზოგადოებრივი ჯანდაცვას, რადგან დაავადებების პრევენცია და მისი კონტროლი უფრო ხარჯთეფექტურია,  ვიდრე მათი მკურნალობა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით ევროპარლამეტის სამი გადაწყვეტილება ეხება გადამდებ დაავადებებს, რომელთა შესრულება საქართველოსთვის სავალდებულია 2017 წლიდან.

პირველი გადაწყვეტილება ეს არის “1998 წლის 24 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 2119/98/EC გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და გადამდებ დაავადებათა კონტროლის მიზნით ევროპულ თანამეგობრობაში ქსელის შექმნის თაობაზე“.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და გადამდებ დაავადებათა კონტროლის მიზნით, შეიქმნა ევროპულ თანამეგობრობის ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და კოორდინაციას გადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებისთვის. თანამეგობრობის ქსელი ახორციელებს გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას. ასევე შეიქმნა დაავადებების ადრეული გაფრთხილების და რეაგირების სისტემა, რაც ჯამში ემსახურება საზოგადოებაში გადამდები დაავადებების პრევენციის და კონტროლის გაუმჯობესებას.

რას წარმოადგნეს გადამდები დაავადებები და რატომ არის საშიში საზოგადოებისათვის? 

გადამდები ან ინფექციური დაავადებები – პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებებია. განსაზღვრება გამომდინარეობს ტერმინიდან “ინფექცია”, რაც მაკროორგანიზმში რაიმე დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი, პრიონი, სოკო) შეჭრას და გამრავლებას ან ცხოველმყოფელობას გულისხმობს. ინფექცია შესაძლოა იყოს როგორც კლინიკური სიმპტომებით, ასევე უსიმპტომოდ მიმდინარე, მათ შორის გამომწვევის მტარებლობის სახით გამოხატული.[2] ადამიანის ორგანიზმს აქვს ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი ბუნებრივი დაცვითი სისტემა. ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს და გვიცავენ მათთგან. მიუხედავად ამისა, არსებობს გადამდები დაავადებები, რომლებსაც ორგანიზმი ბუნებრივი გზით ადვილად ვერ უმკლავდება. მათი გართულებები სიცოცხლისათვის საშიშია. ამ დაავადებების და მათი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება იმუნიზაცია (იმუნიტეტის გაძლიერება აცრების გზით). გადამდები დაავადებებია: დაავადებები, რომლებიც ვაქცინაციას ექვემდებარება (დიფტერია, წითელა, წითურა, ყბაყურა, ყივანახველა, პოლიომიელიტი და სხვა), სქესობრივად გადამდები დაავადებები (გონორეა, ქლამიდია, აივინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები) წყლის და საკვების მიერი დაავადებები (ბოტულიზმი, ლეპტოსპიროზი,  სალმონელოზი, შიგელოზი), ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებები (ლეგიონელოზი, მენინგოკური ინფექცია, პნევმოკოკური ინფექცია, ტუბერკულოზი), ზოონოზები (ბრუცელოზი, ცოფი), ნოზოკომიური ინფექციები და სხვა.

მეორე გადაწყვეტილება “1999 წლის 22 დეკემბრის ევროკომისიის 2000/96/EC გადაწყვეტილება ევროპული თანამეგობრობის ქსელის მიერ გადამდებ დაავადებათა მზარდი დაფარვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს N2119/98/EC გადაწყვეტილების შესაბამისად”.

როგორც გადაწყვეტილებაშია განმარტებული, ეპიდზედამხედველობა  არის მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა; გადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ეპიდგამოკვლევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ, რათა მოხდეს გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება და მათი პრევენცია. თანამეგობრობის ქსელიც შეიქმნა ეპიდზედამხედველობის და გადამდები დაავადებების კონტროლის მიზნით. ქსელი ახორციელებს ინფორმაციის შეგროვებას და უგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებს. დაავადებების ჩამონათვალი და ჯანმრთელობის საკითხები იცვლება მოსახლეობაში მათი გავრცელების მიხედვით.  ქვეყნებს შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აკრედიტირებულ ორგანოებს შორის. ახალი ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც და ეს ეხება მაგალითად, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას ქვეყნებს შორის.

მესამე გადაწყვეტილება ეხება გადამდებ დაავადებათა შესახებ ანგარიშების წარდგენას, კერძოდ “2002 წლის 19 მარტის ევროკომისიის 2002/253/EC გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტისა და საბჭოს N2119/98/EC გადაწყვეტილების შესაბამისად, იძლევა შემთხვევათა განმარტებებს ევროპული თანამეგობრობის ქსელისთვის გადამდებ დაავადებათა თაობაზე შესახებ ანგარიშების წარდგენის შესახებ”.

წევრ ქვეყნებმა ქსელის გამოყენებით უნდა გაცვალონ ინფორმაცია ეპიდსიტუაციის და გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ, რომელიც გადამდებ დაავადებებს ეხება. ეპიდზედამხედველობის სისტემის მონაცემების სარგებლიანობა დამოკიდებულია მათ ერთიან ფორმატზე, სიმარტივესა და დროულობაზე. ინფორმაციის შედარების მიზნით ჩამოყალიბდა შემთხვევების საერთო განსაზღვერებები. ინფექციური დაავადებების/მდგომარეობების შემთხვევათა განსაზღვრებები წარმოადგენს მათი დადასტურებისა და კლასიფიკაციის ერთიან კრიტერიუმებს. შემდეგი პრინციპები დაედო საფუძვლად შემთხვევათა განსაზღვრებებს

დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, რომელსაც აქვს დაავადებასთან ასოცირებული ტიპიური კლინიკური სურათი და დადებითი ლაბორატორიული შედეგი.

სავარაუდო შემთხვევა – შემთხვევა, რომელსაც ახასიათებს დაავადებასთან ასოცირებული ტიპიური კლინიკური სურათი და ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან,

შესაძლო შემთხვევა – ნებისმიერი შემთხვევა, რომლის კლინიკური სიმპტომები ემთხვევა/შეესაბამება შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადების აღწერილობას, ანუ შემთხვევა, რომელსაც აქვს დაავადებასთან ასოცირებული ტიპიური კლინიკური სურათი.  არ არის დადგენილი ეპიდემიოლოგიური კავშირი და დასტურებულ შემთხვევასთან ან სავარაუდო შემთხვევეასთან.  განვიხილოთ დიფთერიის მაგალითი.

კლინიკური სურათი

კლინიკური სურათი შეესაბამება დიფთერიას, კერძოდ, ინტოქციკაცია, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ხასიათდება ყელის ძლიერი ტკივილით, ცხელებით, ტონზილიტით, ფარინგიტით.

ლაბორატორიული კრიტერიუმი დიაგნოზისათვის

  • ნიმუშიდან დიფთერიის კორინებაქტერიის გამოყოფა
  • დიფთერიის ჰისტოპათოლოგია

შემთხვევის კლასიფიცირება

  • სავარაუდო შეთხვევა- არ შეესაბამება
  • შესაძლო შემთხვევა კლინიკურად შეესაბამება დიფთერიას, მაგრამ ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული და არ აქვს ეპიდ კავშირი დადასტურებულ შეთხვევასთან
  • დადასტურებული შეთხვევა კლინიკურად შეესაბამება დიფთერიას, ლაბორატორიულად დადასტურებულია და გამოვლენილია  ეპიდ კავშირი სხვა დადასტურებულ შეთხვევასთან.

ევროკავშირის ქვეყნებში ამ პრინციპით ხდება ყველა გადამდები დაავადებების კლასიფიცირება და მისი რეპორტინგი შესაბამის აკრედიტებულ სტრუქტურებში.

საქართველოშიზემოთჩამოთვლილი დირექტივების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებაა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო, კერძოდ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ამ სტრუქტურაზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორეა, რადგან გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობა და კონტროლი მოითხოვს აქტიურ კოორდინაციას სხვა სამთავრობო უწყებებთან, როგორიცაა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინიტრო და სხვა. საქართველოში გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას და ინფორმაციის დროულად გაცვლას არეგულირებს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ,  რომელიც მიღებულია 2007 წელს. მისი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; ოჯახის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება.[3] გარდა აღნიშნული კანონისა,  არსებობს ორი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ასევე გადამდებ დაავადებებს და მათი გავრცელების თავიდან აცილებას ეხება.

2015 წელის 9 ივლისს საქართველოს მთვარობამ მიიღო #336 დადგენილება  “ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ”, რომელიც ეხება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის ბრძანება # 01-2/ნ “სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ”, რომელიც არეგულირებს სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის სწორად წარმოებას და მიწოდებას შესაბამისი სტრუქტურებისათვის.

ამჟამად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას რეგულარულად აწვდის ინფორმაციას, მოთხოვნილი ფორმის მიხედვით გადამდები დაავადებების კონტროლისა და ეპიდზედამხედველობის საკითხებზე.  ასევე ხდება ინფორმაციის რეგულარული გაცვლა ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან  (European Centre for Disease Prevention and Control – ECDC) კერძოდ, ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გრიპი, შიდსი, ტუბერკულოზი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტუბერკულოზის შემთხვევების ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედებს დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა, რომელიც წარმოადგენს დაავადებათა შესახებ ერთიან ინფორმაციულ ბაზას. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალ ორგანოებს შორის ხდება ინფორმაციის დროული გაცვლა, რაც გამოიყენება დაავადებათა შემთხვევების დროული ეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოები (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ – შემოსავლების სამსახური, სჯც) ანგარიშგების ოფიციალურ სისტემად მიღების შემდეგ, ვალდებულნი არიან არსებული შემთხვევის დროულ რეგისტრაციაზე, ანგარიშგება/შეტყობინებასა და განახლებაზე, მათი კომპეტენციის ფარგლებში.[4] ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ელექტრონულად ინფორმაციის მიმოცვლა უკვე წარმატებით ხორციელდება საქართველოში, რჩება ერთი საკითხი უნდა მოხდეს ევროპული თანამეგობრობის ქსელთან ამ ინფორმაციის გაზიარება და შესაბამისი ფორმატით ანგარიშების წარდგენა.

რა სარგებელს მოუტანს საქართველოს რიგით მოქალაქეს მოცემული დირექტივების შერულება სახელმწიფოს მხრიდან?

პასუხი ცალსახაა – გაუმჯობესებული ჯანდაცვა, რაც მოიცავს გადამდები და არაგადამდები დაავადებების დროულად თავიდან აცილებას და მკურნალობის შემთხვევაში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. ევროპასთან დაახლოება და “ასოცირების შესახებ შეთანხმება” აისახება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, რადგან გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობა და კონტროლი და ინფორმაციის დროულად გაცვლა ევროპული თანამეგობრობის ქსელთან თავიდან აგვაცილებს ეპიდემიას და ეპიდაფეთქებებს. ამიტომ ქვეყნის ინტერესია შეთანხმების შესრულება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება, რაც საქართველოს უსაფრთხო და ნათელ მომავალს უზრუნველყოფს.

2021 aa.ge