ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის

ზოგიეთი საკვები პროდუქტის და სურსათის კონტროლისა და მონიტორინგის პირობები და ღონისძიებები

ზოგიეთი საკვები პროდუქტის და სურსათის კონტროლისა და მონიტორინგის პირობები და ღონისძიებები

ავტორი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ევროპასთან დაახლოება, სხვა საკითხების გარდა, ევროპულ ხარისხთან და ჯანმრთელობისა და კვების უსაფრთხოების სტანდარტთან დაახლოებასაც ნიშნავს. ანუ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა ისეთივე ხარისხისა და ისევე უსაფრთხო პროდუქტით უნდა იყოს მომარაგებული, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები. ამ გზაზე სტანდარტები არა მხოლოდ ადამიანის მიერ მოხმარებულ პროდუქტს და კვებას ეხება, არამედ – ცხოველთა საკვებსაც და, ცხადია, ზოგადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ანუ სურსათს.

ამ სტანდარტებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მოთხოვნები განსაზღვრავს, შესაბამის კანონმდებლობასა და ტექნიკურ რეგლამენტებს საქართველოს მთავრობა აწესებს, აღსრულება მთავრობის სხვადასხვა სამსახურებს ევალებათ, მიზანი კი ერთია: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა.

2017 წლისთვის განსაზღვრულია რამდენიმე საინტერესო რეგულაციის დამტკიცება სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ეს რეგულაციებია:

  1. რეგულაცია No 669/2009, რომელიც ეხება კონკრეტული არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტზე გაზრდილ სახელმწიფო კონტროლს;
  2. ევროკომისიის გადაწყვეტილება N 94/360/EC, რომელიც ეხება მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი გარკვეული ვეტერინარული პროდუქტების პარტიებზე ფიზიკური შემოწმების შემცირებული პერიოდულობით ჩატარებას;
  3. რეგულაცია No 645/2000, რომელიც ადგენს კონკრეტული დებულებების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო დეტალურ განმახორციელბელ წესებს ბურღულეულში(ზე) და მცენარეული წარმოშობის პროდუქტში(ზე), მათ შორის ხილსა და ბოსტნეულში(ზე), პესტიციდების ნარჩენების ზღვრულად დასაშვები დონის მონიტორინგისთვის საჭირო ღონისძიებებს;
  4. დირექტივა N 2011/91/EU, რომელიც ეხება აღნიშვნასა და საიდენტიფიკაციო ნიშანს, რომელიც მიუთითებს ამა თუ იმ საკვები პროდუქტის პარტიის კუთვნილებას.

რას ითვალისწინებს ეს რეგულაციები?

1. რეგულაცია No 669/2009 მიღებულია მანამდე მიღებული N 882/2004 რეგულაციის განხორციელებისთვის. რეგულაცია N 882/2004 კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შეიქმნას სურსათის და ცხოველის საკვების მესამე ქვეყნებიდან იმპორტის ოფიციალური კონტროლის წესების ჰარმონიზებული სისტემა. გარდა ამისა, ძველი რეგულაცია ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რომ უზრუნველყონ სპეციალური გამშვები პუნქტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რომ შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა სურსათის და ცხოველის საკვების კონტროლი. ამ რეგულაციამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ უცხოურმა პროდუქციამ არასამართლიანი კონკურენცია არ გაუწიოს ხარისხიან ქართულ ან სხვა ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქციას და ამისთვის, თავადაც დაექვემდებაროს პროდუქციისთვის წაყენებულ ხარისხის მოთხოვნებს.  შესაბამისად, რეგულაციის შემოღების შემდეგ,  უხარისხო პროდუქცია საზღვარზე,  ანუ საბაჟოზე ვეღარ შემოვა.

ამ რეგულაციის შესრულება რომ შეძლოს,  წევრმა სახელმწიფოებმა, ჩვენს შემთხვევაში საქართველომ,  საბაჟო გამშვები პუნქტები შესაბამისი ტექნიკით უნდა აღჭურვოს, რომ სხვადასხვა სურსათის და ცხოველის საკვების როგორც საბუთების, ასევე ფიზიკური შემოწმება გახდეს შესაძლებელი. შესაბამისად, რეგულაცია ამტკიცებს გამშვები პუნქტების ჩამონათვალს და მოცემულია მინიმალური მოთხოვნები სპეციალური გამშვები პუნქტებისთვის.

რეგულაციით ასევე დამტკიცებულია იმ არაცხოველური წარმოშობის სურსათის და ცხოველის საკვების ჩამონათვალი, რომლებიც რისკის მატარებელი არიან და გაზრდილი სახელმწიფო კონტროლი სჭირდებათ[1] (რეგულაციას თანდართული აქვს შესაბამისი სია). სია შედგენილია სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე და მის ფორმირებაში გამოიყენება ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემიდან (RASFF)[2] მიღებული შეტყობინებები, ვეტერინარიის და სურსათის სამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია, მესამე ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაცია, წევრი ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაცია და სამეცნიერო კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია.

2. გადაწყვეტილების მიზანია განისაზღვროს ქვეყნები, საიდან შემოტანილ ვეტერინარულ პროდუქციასაც ნაკლები პერიოდულობით სჭირდება შემოწმება. ამან იმპორტზე ადმინისტრაციული ბარიერი უნდა შეამციროს. გადაწყვეტილებით დამტკიცდა მესამე ქვეყნების ჩამონათვალი, საიდან შემოტანილ პროდუქტზე გავრცელდება რეგულაცია. ასევე განისაზღვრა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლებზეც რეგულაცია ვრცელდება და დამტკიცდა სერტიფიკატის ნიმუში. რეგულაციის შესაბამისად, წევრმა ქვეყნებმა ისეთი შერჩევით უნდა განახორციელონ პროდუქციის პარტიების შემოწმება, რომ იმპორტიორისთვის ამის შესახებ წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი. რეგულაციის დანართში ასევე მოცემულია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც ნაკლები ინტენსივობით უნდა ჩატარდეს შემოწმება.

3. აუცილებელია მომხმარებელმა იცოდეს, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენებული პესტიციდები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამიტომ, ამ რეგულაციის მნიშვნელობაც საკმაოდ დიდია. რეგულაციაში საუბარია 5 წლიანი მონიტორინგის დაგეგმვის სისტემის შემოღებაზე. ამ მიზნით, საქართველო რომ სრულფასოვნად ჩაერთოს ევროკავშირის ერთიანი მონიტორინგის სისტემაში, ევროკომისია თითოეულ წევრ ქვეყანაში, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, ნიშნავს სპეციალურ კვალიფიციურ წარმომადგენლებს, რათა მათ განახორციელონ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის ეროვნული და ერთიანი ევროპული მონიტორინგის პროგრამები. პარალელურად, თავადვე ახორციელებს ამ პროცესის დაფინანსებას.

4. დირექტივა ასევე ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშვნა და საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ ესა თუ ის  საკვები პროდუქტი რომელიღაც კონკრეტული პარტიის კუთვნილებაა. ეს ამარტივებს საკვები პროდუქტის მიკვლევადობას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი მოძიების ან მოკვლევის საჭიროება და მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმეს მაკონტროლებელ ორგანოს.

დღეს არსებული კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ განახორციელოს არა მხოლოდ საქართველოში წარმოებული, არამედ იმპორტირებული სურსათის სახელმწიფო კონტროლი. დღეის მდგომარეობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ხორციელდება შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონტროლი. კერძოდ, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლი. მათი მიზანია მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოსვლის და გავრცელების შეზღუდვა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა, მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადმიანის საერთო სნეულებისგან.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი[3], რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის წესებს და პრინციპებს. ხოლო, 2015 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება “ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ”.[4] ამ წესის მიზანია სურსათით/ცხოველის საკვებით გამოწვეული რისკებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის RASFF-ის სისტემაში ინტეგრაციისათვის შეტყობინების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეგულაციის აღსრულების ერთ-ერთი მექანიზმი, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ტექნიკური რეგლამენტია.

ტექნიკური რეგლამენტი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2016 წლის დეკემბერში და არეგულირებს პესტიციდების ზღვრულ ოდენობას და მათ მონიტორინგს. ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის 2020 წლიდან, როცა მისი შესრულება სავალდებულო გახდება. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება დანართით განსაზღვრულ პროდუქტებზე, სადაც შედის ხილი, ბოსტნეული, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების შესაბამისობის შეფასება ხდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის მიერ.

გამოწვევები საქართველოს  მოქალაქეებისთვის და მწარმოებლებისთვის

დირექტივების განხორციელების ტვირთი ძირითადად იმ პირებზე გადადის, რომლებიც დაკავებული არიან სურსათის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტით და ბაზარზე განთავსებით. ეს შეიძლება იყოს, როგორც დიდი ზომის კომპანია, ასევე მცირე ან საშუალო ზომის მეწარმე ან ფერმერი. თუ მცირე ზომის ფერმერულ მეურნეობებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანი იქნება მათ მიერ გამოყენებული პესტიციდების მუდმივი კონტროლი და ყველა შესაბამისი ჩანაწერის წარმოება (შეწამვლის ვადების, გადატანილი დაავადებების და ა.შ. შესახებ). თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ვალდებულება ამ კონკრეტული რეგულაციებით არ შემოდის და როგორც ზემოთ აღინიშნა, ის უკვე დამტკიცებულია 2016 წლის დეკემბერში და ძალაში შედის 2020 წლიდან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მწარმოებლებმა გაიაზრონ, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენებული პესტიციდები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ვინაიდან ზედმეტად გამოყენებული პესტიციდი სურსათში აისახება როგორც ნარჩენი, რომელის წარმოადგენს საფრთხეს სურსათის მომხმარებლისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს თუ რამდენად საშიშია იმ პროდუქტის მოხმარება, რომელშიც დასაშვებზე მეტია პესტიციდების რაოდენობა.

პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები

დირექტივების მოთხოვნების შესრულებისთვის ძირითადი პასუხისმგებლოება ეკისრება სურსათის ეროვნულ სააგენტოს და შემოსავლების სამსახურს.

რეგულაციების გავლენა ფართო საზოგადოებაზე

ჩამოთვლილი რეგულაციები მნიშვნელოვანია საქართველოს მომხმარებლებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ ძირითადად ეხება სურსათის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო კონტროლს, მათ შორის იმპორტირებული სურსათის კონტროლს. ანუ იმ პროდუქტის კონტროლს, რომელსაც აწარმოებს, ან შემოაქვს, ან – მოიხმარს საზოგადოება. მით უმეტეს, იმ პირობებში როცა საქაართველოში მაღალია მოსახლეობის იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. მაგალითად, 2016 წელს საქართველოში დაახლოებით 955 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის იმპორტი განხორციელდა (მთელი იმპორტის 13%-ზე მეტი)[5]. რაც შეეხება ხარჯებს, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის მიერ სურსათზე გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯების 44%-ს შეადგენდა[6], ხოლო სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულმა საშუალო წლიურმა ხარჯმა შეადგინა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი.

დღეის მდგომარეობით, კვების პროდუქტების ხარისხი და მათ ხარისხზე მიმდინარე კონტროლი, გადამწყვეტი ფაქტორია ბაზარზე ჯანსაღი და უსაფრთხო სურსათის არსებობისთვის. ბევრი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ ხანგრძლივვადიან პერიოდში, სურსათის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის კონტროლი პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან და ამ ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები.

2021 aa.ge