სურსათის და რძის ხარისხი და შემადგენლობა

სურსათის და რძის ხარისხი და შემადგენლობა

 

ავტორი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

რაც დრო გადის, მით უფრო რთული ხდება ისეთი საკვები პროდუქტის შეძენა ქვეყანაში, რომლის კვებით ღირებულებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ გაგიჩნდებათ – იქნება ეს სურსათი, რძის პროდუქტი თუ სხვა. ამ პროდუქტის მოყვანის დროს ფერმერები ზოგჯერ საკმაოდ უკონტროლოდ იყენებენ სხვადასხვა მინერალებსა თუ ნივთიერებებს, რომ პროდუქტი ადრე არ დაძველდეს, გარემოსადმი მდგრადი იყოს, გარეგნული იერსახე არ დაუზიანდეს. ხშირად ეს უკონტროლობა არა წინასწარ განზრახვას, არამედ არასაკმარისი ინფორმაციის მიზეზითაც ხდება.

ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA-ის) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მომხმარებელს ამ თავლსაზრისით უფრო დაცულს გახდის, მწარმოებელს კი იმ კონკრეტულ ჩარჩოებს განუსაზღვრავს, რომლის მიღმაც ადამიანის უსაფრთხოებისთვის და პროდუქტის ხარისხიანობისთვის შექმნილი საფრთხეები დგას.

2017 წლისთვის განსაზღვრულია რამდენიმე საინტერესო რეგულაციის დამტკიცება სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ეს რეგულაციებია:

  • რეგულაცია N 489/2012, რომელიც ადგენს განმახორციელებელ წესებს სურსათში ვიტამინების, მინერალებისა და გარკვეული სხვა ნივთიერებების დამატების შესახებ;
  • რეგულაცია No 1331/2008, რომელიც ადგენს საკვები დანამატებისთვის, საკვები ფერმენტებისა და არომატიზატორებისათვის საერთო საავტორიზაციო პროცედურას;
  • გადაწყვეტილება N 92/608/EEC, რომელიც ადგენს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი თერმულად დამუშავებული რძის ანალიზისა და გამოცდის მეთოდებს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები ეხება როგორც საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, ისე – იმპორტირებულს და იმ წესებსაც ადგენს, რომლის დაკმაყოფილებაც საზღვარზე შემოსულმა პროდუქტმა უნდა შეძლოს.

რას ითვალისწინებს ეს რეგულაციები?

რეგულაციების მთავარი პრინციპი და მიზანია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფისათვის, სურსათი დამაბინძურებლებს (კონტამინანტებს), საკვებ დანამატებს და სხვა ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით მისაღებ (დასაშვებ) დონეზე.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო, რომ ეს მიზანი მიღწეული იყოს?

1. რეგულაციას ძირითადად ანალიტიკური და ინფორმაციული დატვირთვა აქვს. ის ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, რომ ევროკომისიას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ადგილობრივი ბაზრის შეფასება, იმის დასადგენად თუ რომელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს სურსათი;
  • მოხმარებულ სურსათში ვიტამინების და მინერალების შეფასება;
  • მოსახლეობის მიერ ვიტამინების და მინერალების ათვისების დონე;
  • ვიტამინების და მინერალების გარდა, სურსათში სხვა ნივთიერებების (არომატიზატორი, ფერმენტი) არსებობის შესახებ ინფორმაცია.

2. იმისათვის რომ მომხმარებელთა უფლებებიც დაცული იყოს და – ამასთან, საქართველოში წარმოებულმა პროდუქტმა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესვლა შეძლოს, საჭირო გახდა რეგულაციით განსაზღვრული სამი კატეგორიის ნივთიერების (დანამატები, საკვები ფერმენტები და არომატიზატორები) ერთიანი შეფასების და ავტორიზაციის პროცედურების შემოღება. რეგულაცია აწესებს ნივთიერებების ავტორიზაციის ეტაპებს და მასში მონაწილე მხარეების როლსა და ვალდებულებებს.

ბიზნესოპერატორების და მომხმარებლების ინფორმირების მიზნით, შედგენილია ავტორიზებული ნივთიერებების ჩამონათვალი, რომელსაც განაახლებს და აქვეყნებს ევროკომისია. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა ამ ჩაამონათვალზე, იმისთვის, რომ კარგად იყოს ინფორმირებული სურსათის შემადგენელ დასაშვებ ნივთიერებებზე.

3. გადაწყვეტილების შესაბამისად, სტერილიზებული რძის ანალიზისა და კონტროლის მეთოდები უნდა იყოს შემდეგი:

  • მთლიანი მყარი ნაწილაკების[1] შემცველობის განსაზღვრა;
  • ცხიმის შემცველობის განსაზღვრა;
  • მთლიანად უცხიმო მყარი ნაწილაკების შემცველობის განსაზღვრა;
  • მთლიანი აზოტის შემცველობის განსაზღვრა;
  • პროტეინის შემცველობის განსაზღვრა;
  • კუთრი წონის განსაზღვრა.

სწორედ ამ კომპონენტების ანალიზის საფუძველზე გახდება შესაძლებელი დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს რძე მისი ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

დღეს არსებული კანონმდებლობა

საქართველოში მოქმედებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, რაც ამ სფეროში არსებული ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი დოკუმენტია.

ამას გარდა, დირექტივების აღსრულების ერთ-ერთი მექანიზმია ე,წ, ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებაში მიიღება და დეტალურად არეგულირებს ამ პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

ერთ-ერთი მათგანია ტექნიკური რეგლამენტი – “მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე”. შესაბამისი დადგენილება ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან. სწორედ ამ ვადიდან, მწარმოებლებს და რეალიზატორებს, ასევე ექსპორტიორებს გასაყიდი პროდუქტის შეფუთვის დროს გასათვალისწინებელი ექნებათ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები – პროდუქტის შესახებ რა ტიპის ინფორმაცია და როგორი ფორმით უნდა დაიტანონ ეტიკეტზე.

კიდევ ერთი დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტია – “ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ” რეგლამენტი როგორც სათაურიდანაც ჩანს, ტექნიკური რეგლამენტი აწესებს შეზღუდვებს სურსათში, მათ შორის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ სურსათში, ვიტანიმებისა და მინერალების დამატებაზე. დოკუმენტი ძალაში შედის 2017 წლის 1 აგვისტოს და ის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ავალდებულებს, რომ აწარმოოს სურსათში დამატებისათვის დაშვებული ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების რეესტრი. ბიზნესმენებს (მწარმოებლებსა თუ იმპორტიორებს) მოუწევთ გაითვალისწინონ, რომ ამ რეესტრის მიღმა არსებული კომპონენტების შემცველი პროდუქტი ვერც საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და ვერც ევროკავშრის ბაზარზე შევა.
კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტია “სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ” დღეისთვის ტექნიკური რეგლამენტი მოქმედია და, როგორც ასევე სახელწოდებიდან ჩანს, ადგენს სხვადასხვა დასახელების სურსათისათვის დამაბინძურებლების (კონტამინანტების) მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარს და დაბინძურებული სურსათის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. დადგენილების დანართით დამტკიცებულია ცალკეულ სურსათში დასაშვები ზღვრული ოდენობები. კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ასევე უნდა ითქვას, რომ დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი საკვებდანამატების შესახებ, რომელიც ძალაში შედის 2019 წლის 1 იანვრიდან. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს დაშვებული საკვებ დანამატების სიას, მათი გამოყენების პირობებს და ეტიკეტირების წესებს.
რაც შეეხება რძეს და რძის ნაწარმს, 2015 წლის აგვისტოდან ძალაში შევიდა რძის და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. ტექნიკური რეგლამენტი ახდენს სხვადასხვა სახეობის რძის და რძის ყველა ნაწარმის დეფინიციას (ნაღები, რძემჟავა, აირანი, იოგურტი, კეფირი, კუმისი, არაჟანი, ხაჭო, ნადუღი, კარაქი, ცხიმი, ყველი, დო და სხვა). ტექნიკური რეგლამენტი დღეის მდგომარეობით მოქმედია და აწესებს სპეციალურ მოთხოვნებს რძის წარმოების ადგილსა და აღჭურვილობაზე, რძის წველის პროცესზე, რძის შეგროვებასა და ტრანსპორტირებაზე.

სწორედ ამ რეგლამენტის დამსახურებაა, რომ დღეს სუპერმარკეტებში გასაყიდად გამოტანილ რძის ნაწარმს, მაგალითად კარაქს პირდაპირ აწერია, მცენარეული ცხიმების საფუძველზე არის დამზადებული თუ ცხოველური ცხიმებისგან, ანალოგიური წარწერები აქვს ხაჭოს, მაწონს და ა.შ, რაც მომხმარებელს იცავს შეცდომის დაშვებისგან.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დირექტივის საბოლოო მიზანი არის საკვების შემადგენლობისთვის ზღვრების დაწესებისა და ეტიკეტირების მკაცრი სტანდარტების შემოღების გზით, მომხმარებელთა უფლებების, მათი ჯანმრთელობის უკეთ დაცვა და, ამას გარდა – ქართული პროდუქციის ევროკავშირის ერთანი ბაზრისთვის შესაბამისობაში მოყვანა, რაც მას ექსპორტის პერსპექტივებს უხსნის.

გამოწვევები საქართველოს მოქალაქეებისთვის და მწარმოებლებისთვის

დირექტივების განხორციელებისას, ძირითადი გამოწვევები ექნება სახელმწიფო უწყებებს და ბიზნესოპერატორებს. რაც შეეხება მცირე ზომის მწარმოებლებს და რიგით მოქალაქეებს, მათ გარკვეული ხარჯების გაწევა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული არიან სურსათის წარმოებით. ეს პირველ რიგში ეხება რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მაგალითად, 2015 წელს საქართველოში 676 ათასი ტონა რძე და რძის პროდუქტი იქნა წარმოებული[2]. თუ გადავხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ საქართველოში რძის და რძის პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი არის 88%[3].

პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები

რეგულაციების განხორციელებაში ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. პირველი რეგულაცია N 489/2012-ის განხოციელებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის როლი, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში სურსათის მოხმარების სტატისტიკას.

რეგულაციების გავლენა ფართო საზოგადოებაზე

რეგულაციები მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ძირითადად ეხება სურსათის, მათ შორის იმპორტირებული სურსათის ხარისხს და შემადგენლობას. დღეის მდგომარეობით, კვების პროდუქტების ხარისხი და მათ ხარისხზე მიმდინარე კონტროლი, გადამწყვეტი ფაქტორია ბაზარზე ჯანსაღი და უსაფრთხო სურსათის არსებობისთვის. ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA არა მხოლოდ ევროკავშირის მომხმარებელს იცავს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციისგან, არამედ იცავს იმ მესამე ქვეყნის მომხმარებელსაც, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გააჩნია ევროკავშირთან. სურსათის ხარისხი და შემადგენლობის კონტროლი ხორციელდება როგორც ქვეყნის შიგნით წარმოებულ სურსათზე, ასევე სხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ სურსათზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რძის და რძის პროდუქციის ხარისხის კონტროლი, რადგან საქართველოში მაღალია რძის პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ბავშვებში.