ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი და განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი

ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი და განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი

ავტორი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი მოთხოვნები ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა კიდევ უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ საქმე ბავშვებისთვის და განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებებისთვის განკუთვნილ სურსათს ეხება. მაგალითად, თუ დიაბეტით დაავადებული ადამიანები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ და მათ უნდა მიიღონ ისეთი საკვები, რომელიც არ შეიცავს შაქარს.

სწორედ ამ მაღალი რისკებიდან გამომდინარე, არსებობს მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების მქონე პროდუქტების ნუსხა, რომლისადმიც ევროკავშირს სპეციალური მკაცრი მოთხოვნები აქვს წაყენებული – სურსათის ამ კატეგორიებში შედის ჩვილი ბავშვის საკვები, გადამუშავებული მარცვლეულით მიღებული საკვები და სპეციალური სამედიცინო დანიშნულების საკვები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, მცირე წონიანი ახალშობილები უნდა იკვებებოდნენ დედის რძით. თუმცა, მცირე წონიანი ახალშობილები და დღენაკლული ახალშობილები ხშირად საჭიროებენ სპეციალურ კვებას, რასაც ჩვილები ვერ იღებენ დედის რძით ან სტანდარტული ბავშვის საკვებით. ასეთი ჩვილების კვებითი მოთხოვნები დამოკიდებულია მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესაბამისად, თითოეული ჩვილის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საჭიროებს თუ არა ჩვილი მსგავსი საკვების მიღებას.

ევროკავშირის ბაზარზე არსებობს რძით მიღებული სასმელის და მსგავსი პროდუქტების მზარდი რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია პატარა ბავშვებისთვის. მსგავსი პროდუქტები, როგორც წესი მიიღება ცხოველური პროდუქტებისგან ან ბოსტნეულისგან, მაგალითად, რძე, სოიო, ბრინჯი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი სწორედ იმ ინგრედიენტებს და ნივთიერებებს შეიცავდეს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობიდან გამომდინარე (ან ბავშვების) სპეციალურ საკვებ საჭიროებებს შეესაბამება.

ევროკავშირის კანონმდებლობით, ყველა სპეციალური დანიშნულების საკვებ პროდუქტს გააჩნია მოთხოვნები მათში ვიტამინების და სხვა ნივთიერებების შემადგენლობაზე. გარდა ამისა, ამ კატეგორიის სურსათის მწარმოებლებს და იმპორტიორებს გააჩნიათ გარკვეული საინფორმაციო ვალდებულებები. ხოლო ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებისათვის არსებობს დამატებითი მოთხოვნები.

ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA)-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს საკანონმდებლო დაახლოების გეგმა, რომლის განხორციელება უნდა მოხდეს ეტაპობრივად 2030 წლამდე.

2017 წლისთვის განსაზღვრულია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეგულაციის დამტკიცება. ეს არის რეგულაციაა N 609/2013[1], რომელიც ეხება წონის კონტროლის მიზნით მთლიანი საკვები რაციონის ჩანაცვლებისთვის განკუთვნილ სურსათს (დიეტური სურსათი), ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სურსათს (ბავშვთა საკვები ფორმულა) და განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათს.

აქედან გამომდინარე, რეგულაციაში საუბარია ჩვილი ბავშვების[2] საკვების დამატებით მოთხოვნებზე და ის არეგულირებს რძით მიღებულ და სხვა მსგავს პროდუქტებს, სპორტსმენებისთვის განკუთვნილ საკვებს და სხვა. რეგულაცია აწესებს სპეციალურ მოთხოვნებს მსგავსი სურსათის შემადგენლობაზე და ასევე, მთელ რიგ საინფორმაციო ვალდებულებებს ამ სურსათის მწარმოებლებისთვის და იმპორტიორებისთვის.

რეგულაციამ დაავალდებულა  ევროკომისია, რომ ევროპის პარლამენტს და მინისტრთა საბჭოს წარუდგინოს მოხსენება მსგავსი საკვების შემადგენლობის, ეტიკეტირების და სხვა ტიპის მოთხოვნების შესახებ. ამ მოხსენებას საკანონმდებლო დატვირთვა ჰქონდა.

როგორ უნდა მოხდეს ამ შესაბამისობის დადგენა?

მსგავსი შესაბამისობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი მეცნიერული მონაცემების ანალიზის და მიმოხილვის საფუძველზე.

რეგულაციის დანართი ამტკიცებს თითოეული კატეგორიის სურსათისთვის საჭირო შემადგენლობას, სადაც მოცემულია ამ პროდუქტებისთვის აუცილებელი ვიტამინების და სხვა ნივთიერებების ჩამონათვალი. ამ რეგულაციის დამტკიცებამ და ამოქმედებამ, წესით, ხელი უნდა შეუწყოს ხარისხიანი და უსაფრთხო ბავშვის და სხვა სპეციალური დანიშნულების საკვების არსებობას ბაზარზე. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს მოთხოვნები გამოწვევაა მათთვის, ვინც ამ პროდუქციის წარმოებას და იმპორტს ეწევა. მათ  დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისა და დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულება შეიძლება დაეკისროთ, რაც, ცხადია, დანახარჯებს პროდუქტის წარმოებაზე გაზრდის.

დღეს არსებული კანონმდებლობა

საქართველოში გააჩნია სურსათის და ჯანსაღი კვების ეროვნული სტრატეგია 2015, რომელიც შესაბამისობაში მოდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებთან. გარდა ამისა, მოქმედებს 1999 წელს მიღებული კანონი “ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ”, რომლის მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის, ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშეწყობის, დაცვისა და პროპაგანდის, აგრეთვე ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების რეგულირების გზით. ისევე, როგორც ევრო რეგულაციით, საქართველოს კანონითაც ჩვილი ბავშვი განმარტებულია, როგორც 12 თვემდე ასაკის ბავშვი, ხოლო ადრეული ასაკის ბავშვად ითვლება 1 წლიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვი. შესაბამისად, პრობლემები, ძირითადად, უფრო მეტად აღსრულებაშია, ვიდრე – კანონმდებლობაში. არსებობს კიდევ დოკუმენტი, რომელიც ასევე ასოცირების შეთანხმების მოთხოვნის საფუძველზე დამტკიცდა. ეს არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ, რომელშიც საუბარია ბავშვთა კვებისთის განკუთვნილ სურსათზე და განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათზე. კერძოდ, ამ ტიპის სურსათში დამაბინძურებლის (კონტამინანტის) დასაშვები მაქსიმალური ზღვარის შესახებ.

გამოწვევები საქართველოს  მოქალაქეებისთვის და მწარმოებლებისთვის

როგორც სხვა რეგულაციების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ძირითადი გამოწვევები ექნება სახელმწიფო უწყებებს და ბიზნესოპერატორებს. რაც შეეხება მცირე ზომის მწარმოებლებს და რიგით მოქალაქეებს, მათ გარკვეული ხარჯების გაწევა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული არიან მსგავსი სურსათის წარმოებით ან იმპორტით. ხელისუფლებამ უნდა შექმნას ეფექტური მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც დაზღვეული იქნება სხვადასხვა, მათ შორის კორუფციული რისკებისგანაც. მაღალი სტანდარტის ლაბორატორიები ასევე ერთ-ერთი წინაპირობაა ამისთვის, რაც ნაწილობრივ უკვე დაკმაყოფილებულია. მწარმოებლებსა და იმპორტიორებს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  სავარაუდოდ მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა იმისათვის, რომ სტანდარტი დააკმაყოფილონ, ანდა ისეთი პროდუქციის იმპორტი მოახდინონ, რომელიც სტანდარტებს აკმაყოფილებს.

პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები

რეგულაციების განხორციელებაში ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

რეგულაციის გავლენა ფართო საზოგადოებაზე

აღნიშნული რეგულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, რადგან  ძირითადად ეხება მოსახლეობის ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ბავშვები[3], დიეტური კვების საჭიროების მქონე პირები, სპეციალური სამედიცინო კვების საჭიროების მქონე პირები, სპორტსმენები და ასე შემდეგ. მაგალითად, ჭარბწონიანობა 21–ე საუკუნის დაავადებაა, რომელიც წლოვანების მიუხედავად ყველას აწუხებს, განსაკუთრებით ბავშვებს და ახალგაზრდებს. ეს პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვისაც არ არის უცხო და ბევრი ადამიანი საჭიროებს სპეციალურ დიეტას.

რაც შეეხება დაავადებებს, მაგალითად, მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით საქართველოში 2013 წლის ბოლოს დაავადებული იყო 77 154 პაციენტი.[4] ყველას კარგად მოეხსენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების კვებით საჭიროებების შესახებ. რა თქმა უნდა ამ დროს მნიშნელოვანია რომ ეს კვების პროდუქტები აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს და პასუხობდეს იმ ძირითად საკვებ მოთხოვნებს, რაც მათ მომხმარებელს გააჩნია. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ სტანდარტის დაკმაყოფილების საბაბით ბაზარზე ამ პროდუქტების ფასები არაადექვატურად არ გაიზარდოს.